Dec 8, 2010

საერთაშორისო სამშენებლო წესების ილუსტრირებული გზამკვლევის ქართული თარგმანი


საერთაშორისო სამშენებლო კოდი დარეგისტრირებულია საქართველოს სტანდარტად და მისი გამოყენება (არჩევის შემთხვევაში სავალდებულოა) შესაძლებელია საქართველოში ნებისმიერი საპროექტო თუ სამშენებლო ორგანიზაციის მიერ, როგორც ნორმა (კოდი).

საერთაშორისო სამშენებლო კოდის ილუსტრირებული გზამკვლევი არის სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტი, რომლის ამოცანაა დაინტერესებულ პირებს დაეხმაროს საერთაშორისო სამშენებლო კოდის აღქმაში .



საბჭოთა საქართველოში შენობა-ნაგებობებს სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი საპროექტო ორგანიზაციები აპროექტებდნენ; საბჭოთა კავშირის მასშტაბით ვრცელდებოდა სამშენებლო ნორმებისა და წესების ერთიანი კომპლექსური, სავალდებულო მოთხოვნები - „სნიპები“ (СНиП - Строительные нормы и правила). საბჭოთა მოდელის მიხედვით, პროექტირება-მშენებლობის სფეროში სახელმწიფო ერთადერთ სუბიექტს წარმოადგენდა. ამ მოდელის თანახმად, იგი თავად იყო დამკვეთი, დამპროექტებელი, მშენებელი, მაკონტროლებელი და, ასევე, უძრავი ქონების მფლობელი. გეგმიურად, წინასწარ განსაზღვრავდა მიზნებს, საშუალებებს და შემდეგ თავად ახორციელებდა მათ.

გეგმიური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკურ მოდელზე გადასვლა, სახელმწიფო საკუთრების გარდა, მრავალი მესაკუთრის გაჩენას გულისხმობს, რაც სათანადო ცვლილებებს მოითხოვს. თანამედროვე სახელმწიფოს როლი ამ მრავალსუბიექტიან პროცესში მართვა და მონიტორინგია, რაც გაცილებით მოქნილ და მოდერნიზებულ საკანონმდებლო ბაზას საჭიროებს. ეს გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროცესში უწყვეტ კონტროლს, ერთიანი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული ბაზის შექმნას არქიტექტორების, ინჟინრების, კონსტრუქტორების, მშენებლებისა და სფეროსთან მომიჯნავე სხვა დარგის სპეციალისტებისთვის.

სხვაობა საბჭოეთში მოქმედ ნორმებსა და საბაზრო ეკონომიკურ სივრცეში მოქმედ ნორმებს შორის თვალსაჩინოა მშენებლობა-პროექტირებაში. პირველ შემთხვევაში, როცა მშენებლობის სფეროში ერთადერთი მოქმედი სუბიექტი სახელმწიფოა, ნორმების განმსაზღვრელი ფაქტორი გათანაბრებული პირობების შექმნა და, ასევე, დანახარჯების (სახელმწიფო თანხის) თანაბრად და ეკონომიურად განკარგვაა. შესაბამისად, სახელმწიფო დირექტიულად, მითითებული ნორმებით განსაზღვრავდა სავალდებულო მინიმალურ და მაქსიმალურ პირობებს.

დასავლური ნორმების მიხედვით კი, ძირითადად, მინიმალური მოთხოვნები დაწესებული. რესურსების ეკონომიური და პრაგმატული გამოყენებისთვის სხვა, ნებისმიერი ფორმისა თუ მეთოდის გამოყენება შეუზღუდავია, რაც, თავის მხრივ, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, ტექნოლოგიურ განვითრებას უწყობს ხელს. მაგალითად: საბჭოთა ნორმით, სკოლებში დადგენილი იყო სასწავლო ზონისა და სპორტული ზონის სავალდებულო მანძილით დისტანცირება (სასწავლო პროცესის ხმაურისა და ყურადღების გადატანის ფაქტორისაგან დაცვის მიზნით). ანალოგიურ შემთხვევაში საერთაშორისო სამშენებლო კოდის (ამერიკაში მოქმედი კოდების სისტემის) მოთხოვნაა სასწავლო პროცესის ყოველმხრივი უზრუნველყოფა, მაგრამ არა სავალდებულო მანძილის განსაზღვრით, არამედ ნებისმიერი საშუალებით, იქნება ეს დისტანცირება თუ სხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტა (პროექტის ავტორი შეზღუდული არ არის).

საბ საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ ასეთი ხისტი მიდგომა არაკონკურენტული აღმოჩნდა საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნებს მორგებულ სხვა ნორმებთან შედარებით (საერთაშორისო კოდების საბჭო, ევროკოდები და ა.შ.).

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ „სნიპებს“ მოქმედების ვადა გაუგრძეა. მართალია, გაგრძელების სამართლებრივი საფუძველი დავის საგანი გახდა, მაგრამ ინერციით, ძირითადად მაინც, ნორმები გამოიყენებოდა. დღესაც პრაქტიკულ საქმიანობაში მეტწილად მათ ეყრდნობიან. დღეს საბჭოთა ნორმების სამართლებრივი სტატუსი შემდეგია: საბჭოთა ნორმების ძირითადი ნაწილი დარეგისტრირებულია საქართველოს სტანდარტად და მათი გამოყენება სავალდებულოა მხოლოდ არჩევის შემთხვევაში.

2006 წელს ამოქმედდა დადგენილება (საქართველოს მთავრობის დადგენილება საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და მოქმედების წესის შესახებ), რომლის მიხედვითაც შესაძლებელი გახდა მსოფლიოს ყველა განვითარებული ქვეყნის მოქმედი ნორმების გამოყენება. ამ კანონის მიზანი იყო, საქართველოში მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის უქონლობის გამო არ შეფერხებულიყო უცხოური ინვესტირება, მათ შორის, პროექტირება-მშენებლობაში. ეს არის გარდამავალი ეტაპი ერთიანი, სათანადო სამშენებლო ნორმების შექმნამდე. გაჭიანურებულმა პროცესმა პროექტირებისა და მშენებლობის დაბალი ხარისხი განაპირობა, რამაც ყველაზე მეტად მომხმარებლები დააზარალა.

დღეს საქართველოში არსებობს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა (მათ შორის ცალკეული ნორმებიც), მაგრამ ეს კანონმდებლობა დახვეწასა და განვითარებას საჭიროებს, მაგალითად, არ გვარდება ან ცუდად გვარდება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: გასასვლელი საშუალებები, მათ შორის ხანძარსაწინააღმდეგო მოთხოვნები, პროექტირება და მშენებლობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანთა მინიმალური მოთხოვნების გათვალისწინებით და სხვ. მნიშვნელოვანი საკითხები სახელმწიფოს ყურადღების მიღმა რჩება სამშენებლო ნებართვის გაცემის, მშენებლობისა და შემდგომი ექსპლუატაციის პროცესში.

სამწუხაროდ, საპროექტო ორგანიზაციების დიდი ნაწილი ხშირად იმ მინიმალურ მოთხოვნებსაც არ ითვალისწინებს, რომლებიც აუცილებელია შენობა-ნაგებობების სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის. ეს ორგანიზაციები, მეტწილად, მაშინ სარგებლობენ ნორმატიული ბაზით, როდესაც მათ საერთაშორისო დონის, კონკურენტუნარიანი პროდუქტის შექმნა უხდებათ.

არც უმაღლეს არქიტექტურულ და სამშენებლო სასწავლებლებში ეთმობა სათანადო ყურადღება სამშენებლო ნორმების შესწავლას, მათ სასწავლო პროგრამებში ჩართვას, შემდგომ პრაქტიკული დანიშნულებით გამოყენებას და სპეციალური უნარების ჩამოყალიბებას პროექტირების პროცესში.


1994 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაწყდა შეემუშავებინათ ერთიანი, საერთაშორისო ნორმების კრებული (International Code Council (ICC) მანამდე არსებული - რეგიონალური მოქმედების მქონე (აღმოსავლეთ სანაპიროზე მოქმედი (BOCA), სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მოქმედი (SBCCI) და დასავლეთ სანაპიროსა და ცენტრალურ ნაწილში მოქმედი (ICBO) კოდების ნაცვლად, უფრო ეფექტურად გამოსაყენებლად. პროფესიული წრეების ინტერესითა და ინტენსიური მუშაობის შედეგად (კერძოდ, ორგანიზაცია საერთაშორისო კოდების საბჭოში (ICC)) 2000 წელს გამოიცა საერთაშორისო კოდების საბჭოს კოდების პირველი რედაქცია.

საერთაშორისო კოდების საბჭოს კოდები არის ერთიანი სისტემა, რომელიც ყოველ სამ წელიწადში ერთხელ განახლებული სახით გამოდის.

საერთაშორისო კოდების საბჭოს კოდებია:

საერთაშორისო სამშენებლო კოდი (International Building Code);
საცხოვრებელის საერთაშორისო კოდი (International Residential Code);
საერთაშორისო სახანძრო კოდი (International Fire Code);
მილგაყვანილობის საერთაშორისო კოდი (International Plumbing Code);
საერთაშორისო მექანიკური კოდი (International Mechanical Code);
არსებული შენობების საერთაშორისო კოდი (International Existing Building Code);
საწვავი აირის საერთაშორისო კოდი (International Fuel Gas Code);
კერძო სარინებლის საერთაშორისო კოდი (International Private Sewage Disposal Code);
საკუთრების მოვლის საერთაშორისო კოდი (International Property Maintenance Code);
ენერგოდაზოგვის/ეფექტიანობის საერთაშორისო კოდი (International Energy Conservation Code);
ველური ბუნებისა და დასახლებული ტერიტორიის გამიჯვნის საერთაშორისო კოდი (International Wildland Urban Interface Code);
საერთაშორისო კოდების საბჭოს შესრულების კოდი (ICC Performance Code);
ზონირების საერთაშორისო კოდი (International Zoning Code);
საერთაშორისო მწვანე სამშენებლო კოდი (International Green Construction Code) შემუშავების პროცესშია.


საერთაშორისო სამშენებლო კოდის ილუსტრირებული გზამკვლევი

2010 წელს ქართულ ენაზე ითარგმნა საერთაშორისო სამშენებლო კოდის, 2006 წლის ამერიკული რედაქციის, ილუსტრირებული გზამკვლევის ნაწილი (3-15 თავები);


შემადგენელი საკითხები: 3. სარგებლობა და გამოყენება. 4. სპეციალური სარგებლობა და გამოყენება. 5. შენობის სიმაღლეები და ფართობები. 6. კონსტრუქციის ტიპები. 7. ცეცხლგამძლე კონსტრუქცია. 8. ინტერიერის მოპირკეთება. 9. ცეცხლისაგან დამცავი სისტემები, 10. გასასვლელი საშუალებები. 11. მისადგომობა. 12. ინტერიერის გარემო. 13. ენერგოეფექტიანობა. 14. ექსტერიერის კედლები. 15. აწყობილი სახურავები.



გზამკვლევი განკუთვნილია არქიტექტორების, კონსტრუქტორების, ინჟინრების, ტექნოლოგებისა და მშენებლებისთვის. იგი განსაკუთრებით მოსახერხებელია ამ სფეროში მოღვაწე დამწყები სპეციალისტებისა და სტუდენტებისთვის.


16 comments:

  1. რა კარგი რაღაც გაგიკეთებიათ
    აი ძალიან

    ReplyDelete
  2. ძალიან კარგია, ყოჩაღ!

    ReplyDelete
  3. რა კარგი საქმეეა!! მადლობთ

    ReplyDelete
  4. დიდი მადლობა,მართლა ძალიან კარგი საქმე გააკეთეთ ! ! !

    ReplyDelete
  5. სტატიაში არაა მკაფიოდ გამოკვეთილი განსხვავება სამშენებლო კანონსა და სამშენებლო ნორმებს შორის. ამდენად გაურკვეველია ”საერთაშორისო სამშენებლო კოდს” კანონის სტატუსი აქვს, ე.ი. საზოგადოებისთვის სავალდებულო იურიდიული ნორმაა (მაგალითად, გერმანული სამშენებლო კოდექსის, Baugesetzbuch-ის ან მიწის სამშენებლო განწესების,Landesbauordnung-ის მსგავსად), თუ ესაა სამშენებლო ნორმა გერმანული DIN-ის მსაგავსად, რომელიც არასავალდებულოა. არადა ამის გამიჯვნას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამართლებრივ ქვეყანაში. სწორედ იმიტომ, რომ საბჭოეთი არასამართლებრივი ქვეყანა იყო კაცი ვერ გაიგებდა რა სტატუსი ჰქონდა ”სნიპს”, რა შედეგები მოჰყვებოდა მის დარღვევას (დამრღვევს სასამართლოში ხომ ვერ უჩივლებდი). თავად ფრაზა ”არჩევის შემთხვევაში სავალდებულოა” არის გაუგებარი, ან სულ ცოტა ბუნდოვანი. ეს ისე უნდა გავიგოთ, რომ თუ დამპროექტებელი გამოაცხადებს, ავირჩიეო, მერე გახდება მისთვის სავალდებულო? რა აზრი შეიძლება ჰქონდეს ასეთ განსაზღვრებას? DIN-ის დარღვევა გერმანიაში შეიძლება დამამძიმებელ ფაქტორად იქცეს დამკვეთსა და დამპროექტებელს (ან მშენებელს) შორის სასამართლო დავისას. საქართველოში მოქმედი ზემოაღნიშნული კოდის შემთხვევაშიც ასეა?
    რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ამ კოდის ძირითადი ფუნქცია შენობათა ექსპლოატაციისას ადამიანთა უსაფრთხოების დაცვაა. შეიძლება ადამიანთა უსაფრთხოების დაცვა არასავალდებულო იყოს?

    პატივისცემით

    ReplyDelete
  6. საქართველოში კანონი არის ის რასაც პარლამენტი იღებს, კანონიდან გამომდინარე მიიღება კანონქვემდებარე აქტები მთავრობის, თვითმმართველობის ან სხვა შეასაბამისი ორგანოს მიერ . კანონი და კანონქვემდებარე აქტები ერთად წარმოადგენენ კანონმდებლობას.

    საერთაშორისო სამშენებლო კოდი არის კანონმდებლობის ნაწილი გამოყენების განსაზღვრული რეჟიმით, საქართველოში სტანდარდისათვის განსაზღვრული რეჟიმით, არჩევის შემთხვევაში სავალდებულობის რეჟიმით.

    ReplyDelete
  7. ზოგადად ყველაფერს ეძახიან სტანდარდებს, სტანდარდები არის:

    * სავალდებულო ხასიათის და ჰქვია კოდები/ნორმები, რომლებიც აწესებენ მინიმალურ აუცილებელ პირობებს;
    * არჩევის შემთხვევაში სავალდებულო და ქვია სატანდარდები, ეხება რეგულაციებს, მასალებს და ტექნოლოგიებს;
    * სარეკომენდაციო და მოხსენიებენ სარეკომენდაციო სტანდარდებად.


    კანონებს, კანონქვემდებარე აქტებს, ტექნიკურ რეგლამენტებს და სტანდარდებს - ყველას ერთად საქართველოში ჰქვია კანონმდებლობა და წარმოდგენილია შემდეგნაერად:

    * არის სავალდებულო ნაწილი, რომლებიც შედგება კანონებისაგან, კანონქვემდებარე აქტებისაგან და ტქნიკური რეგლამენტებისაგან;
    * და არის სტანდარდები, რომლებიც არჩევის შემთხვევაში არის სავალდებულო. არჩევის შემთხვევაში სავალდებულო ნიშნავს, რომ კონკრეტული საკითხის გადასაჭრელად არსებობს სხვადასხვა არჩევანი და ერთი აუცილებლად უნდა აირჩიო.


    საქართველოში არსებობს კანონები და კანონქვემდებარე აქტები მაგრამ ესენი სრულად ვერ არეგულირებენ იმას, რაც აუციელებელია ამ სფეროსათვის, რასაც აქვს ობიექტური, ზოგჯერ სუბიექტური მიზეზი, მაგრამ რეალობა ესეთია, აქედან გამომდინარე იმისათვის, მინიმალურად მაინც მოხდეს სათანადო რეგულირება საქართველოში სტანდარდებად დარეგისტრირებულია - ყოფილი საბჭოთა სამშენებლო ნორმები და წესები, საერთაშორისო სამშენებლო კოდი, ენერგოდაზოგვის საერთაშორისო კოდი, და ევროკოდები

    ReplyDelete
  8. გმადლობთ.

    ამ ორი პასუხის შეჯერებით შემდეგი იკვეთება:

    ეს ახლად ნათარგმნი ამერიკული საერთაშორისო კოდი საქართველოს კანონმდებლობის ნაწილი ყოფილა, რომელიც ერთ-ერთია რამოდენიმე თანაბარი ჲურიდიული ძალის მქონე დოკუმენტიდან, რომელთაგან ერთ-ერთის ამორჩევაა სავალდებულო.

    ეს შემდეგ კითხვებს ბადებს:

    1. ამ კოდის ეს სტატუსი მთელს საქართველოზე ვრცელდება, თუ ადგილობრივ ან რეგიონულ მმართველობებს შეუძლიათ მისი გამოყენება-არგამოყენების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება?
    2. აქედან გამომდინარე, რომელი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების კომპეტენციაში შედის მისი ლეგიტიმაცია და გავლილი აქვს თუ არა მას (ან მათ) ეს პროცედურა?
    3. ერთი პროექტის დამუშავებისას აუცილებელია ერთი ამორჩეული ნორმების კრებულის (კოდის) ფარგლებში დარჩენა, თუ დასაშვებია რამოდენიმეს ერთდროული გამოყენება? ამ უკანასკნელ შემთხვევაში გამორიცხული არ იქნება წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილებების მიღება.
    4. Deme-ს ჩამონათვალი (საბჭოთა სამშენებლო ნორმები და წესები, საერთაშორისო სამშენებლო კოდი, ენერგოდაზოგვის საერთაშორისო კოდი, და ევროკოდები) ბადებს ეჭვს, რომ ეს ნორმათა კრებულები გამოყენების სფეროებით ან უბრალოდ სრულყოფილებით შეიძლება განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ასეთ შემთხვევაში, თუ მათგან მხოლოდ ერთს ავირჩევთ (რისი უფლებაც Deme-ს განმარტებით გვაქვს), მაგალითად ენერგოდაზოგვის კოდს, შეგვეძლება გვერდი ავუაროთ, მაგალითად სახანძრო ნორმებს, რომლებიც სხვა კრბულის (ან კრებულების) ნაწილია. დასაშვებია ასეთი სიბრიყვე?
    5. მე მეშლება რამე, ვაჟას და Deme-ს, თუ მთავრობაშია ქაოსი?

    პატივისცემით

    ReplyDelete
  9. წინასიტყვაობაში აღნიშნულია საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც სხვა ქვეყნის (განვითარებული ქვეყნების)ნორმების საქართველოს სტანდარდებად აღიარების შესახებ, რაც გაკეთდა იმისთვის რომ ხელი არ შეშლოდა მშენებლობის განვითარების პროცესს, მაგ.: ამას წინათ ერთმა ჩემმა მეგობარმა ერთ-ერთი სავადმყოფოს შენობასთან მიმართებაში მკითხა, რომ სახურავზე უნდათ გათბობის ქვაბის დაყენება, რომელიც გაზზე მუშაობს, საბჭოთა ნორმა არ იძლევა ამის საშუალებას და შესაბამის შემმოწმებელ სამსახურთან ექმნებათ პრობლემა, მე მიუთითე ზემოთხსენებული მთავრობის დადგენილება, ამის შემდეგ მონახეს პრეცედენტი სადაც ანალოგიური საკითხი ჩეხური სტანდარდის საფუძველზე იყო გადაწყვეტილი და მათაც მოაგვარეს პრობლემა.

    ნორმების/კოდების საკითხი რთული საკითხია და მათი მოგვარებაც არის რთული. ხელისუფლებას აქვს გარკვეული ინტერესი ამ საკითხის მოგვარებისა, მაგარმ არასაკმარისი. საზოგადოებრივი და არასამთავრობო ინტერესი კიდევ უფრო სუსტია.

    ეს ჩამონათვალი (საბჭოთა სამშენებლო ნორმები და წესები, საერთაშორისო სამშენებლო კოდი, ენერგოდაზოგვის საერთაშორისო კოდი, და ევროკოდები) მთავრობის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად განხოციელებული ქმედებაა, მაგრამ რა თქმა უნდა ბოლომდე დალაგებული ეს საკითხი სახწელმწიფოში არ არის და პროცესშია, რომელიც ძალიან მძიმედ მიმდინარეობს. აღსანიშნავია ისიც რომ საქართველო არის ნაწილობრივ სამართლებრივი ქვეყანა (ძლიერს და დაახლოებულს შეუძლია დაარღვიოს და უფრო მეტად არღვევს).

    კოდების/ნორმების წარმოდგენილი განვითარება ეს არის პროცესი მიმართული დალაგებისაკენ, რამდენად შედეგიანი იქნება ამას დროში ვნახავთ.

    ამ ბლოგზე ამ საკითხის გააქტიურება დაინტერესებული საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის ინფორმირებისა და გააქტიურებისათვის არის გამიზნული.

    საქართველოში მოქმედებს ისეთი სავალდებულო ნორმები როგორიცაა: მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი,სამშენებლო კლიმატოლოგია, სეისმომედეგი მშენებლობა, ფუძეები და საძირკვლები, რკინაბეტონის კონსტრუქციები, უსაფრთხოების წესები და სხვა, მათ გვერდს ვერ აუვლი (სამარლებრივად ასეა), მაგრამ ესენი არის არასაკმარისი, ხოლო სტანდარდები ძირითადად არის არარსებულის დასარეგულირებლად.

    ქვეყანაში ამ მხრივ კარგად რომ არ არის საქმე ვიცით, ამიტომაც გავააქტიურეთ ეს საკითხი (ქვეყანა ყველა მოქალაქის არის და არა მხოლოდ მთავრობის წევრი მოქალაქეების).


    1. ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
    2. განხორციელებულია მთავრობის მიერ შესაბამისი
    კანონმდებლობის დაცვით;
    3. კანონმდებლობის შესაბამისად სტანდარდები არჩევის
    შემთხვევაში არის სავალდებულო, მაგრამ სამწუხაროდ
    ეს საკითხი პრაქტიკულად კარგად დალაგებული არ არის
    და წააგავს ქაოსურს, მაგრამ უმჯობესია ვიდრე
    სიცარიელე ან უაზრო შეზღუდვები, იგი გარდამავალი
    პერიოდისთვისაა (მთავრია გარდამავალი პეროდი არ იყოს
    უსასრულო ან უაზრო).
    4. ამ კოდების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი სიცარიელეების
    ამოვსება და განვითარების სწორი გზის მონახვაა.

    ReplyDelete
  10. გმადლობთ.

    თუმცა მეორე კითხვაზე პასუხი გაცემული არაა.
    მესამე და მეოთხე კითხვების პასუხებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ნორმების დაყოფა ერთმნიშვნელოვნად სავალდებულო და არასავალდებულო ნორმებად საქართველოში მოუგვარებელია, რაც სერიოზულ საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს. თუმცა ვაჟას ჩამონათვალი (მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი,სამშენებლო კლიმატოლოგია, სეისმომედეგი მშენებლობა, ფუძეები და საძირკვლები, რკინაბეტონის კონსტრუქციები, უსაფრთხოების წესები), იძლევა იმედს რომ ძირითადი და უმნიშვნელოვანესი სავალდებულო ნორმები ერთმნიშვნელოვნადაა განსაზღვრული.
    რაც შეეხება იმას, რომ საქმის ცუდად კეთება სჯობს სულ არგაკეთებას, აქ აუცილებლადაა გასათვალისწინებელი, რომ ეს ლოზუნგი საქმის არმცოდნე, ცუდად მომუშავე ადამიანებისთვის დატოვებული ”უკანა კარია”, რომლებიც სხვა და სხვა მიზეზით საქმის კარგად გაკეთებას ხელს უშლიან და თავს კი ამ ლოზუნგით იმართლებენ. საქმე, და რაც მთავარია საზოგადოებრივი საქმე, რაც შეიძლება კარგად უნდა გაკეთდეს და საზოგადოების ამოცანაა, ამოწუროს ყველა საშუალება ამისთვის. საქართველოში ამის საპირისპირო მდგომარეობაა, რისი ერთ-ერთი შედეგიც ზემოთაღწერილი ქაოსია. საბჭოეთი უკვე 20 წელია (!) დამთავრდა და ამ ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა მშენებლობის თანამედროვეობის შესაფერი, რამდენადმე მაინც სოლიდური რეგულირების შემოღება. ეს კი იმის ბრალი კი არაა, რომ საქართველოში არსებული პროფესიული პოტენციალით ეს შეუძლებელია, არამედ იმისი, რომ ჩვენი საზოგადოებრივი შეგნების ძალიან დაბალი დონე არ იძლევა ამ პოტენციალის ამოქმედების საშუალებას.

    პატივისცემით

    ReplyDelete
  11. უსაფრთხოების წესები და სხვა, მათ გვერდს ვერ აუვლი (სამარლებრივად ასეა), მაგრამ ესენი არის არასაკმარისი, ხოლო სტანდარდები ძირითადად არის არარსებულის დასარეგულირებლად.

    ქვეყანაში ამ მხრივ კარგად რომ არ არის საქმე ვიცით, ამიტომაც გავააქტიურეთ ეს საკითხი (ქვეყანა ყველა მოქალაქის არის და არა მხოლოდ მთავრობის წევრი მოქალაქეების).
    პატივისცემით

    ReplyDelete
  12. დიდი მადლობა საინტერესო მოსაზრებებისა და დისკუსიისათვის. კომენტარების გაანალიზება საშუალებას მოგვცემს გამოვკვეთოთ ძირითადი პრობლემები და ჩვენი შემდგომი მუშაობა ამ მიმართულებით განვაგრძოთ.
    თქვენი მოსაზრებები და შენიშვნები ასევე შეგიძლიათ ჩვენი ჯგუფის იმეილზეც მოგვწეროთ.

    ReplyDelete
  13. ძალიან საჭირო და კარგ საქმეს შეჭიდებიხართ და მინდა გისურვოთ წარმატებები. თუმცა, აქვე მაქვს ერთი შენიშვნა თუ მოსაზრება (თქვენ რაც გინდათ ის დაარქვით :) ).

    Code არ უნდა ითარგმნოს როგორც კოდი, არამედ კოდექსი (codex). ქართულად, სიტყვა კოდს, აბსოლუტურად სხვა მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს. სიტყვა კოდექსმა კი, არ უნდა დააბნიოს არც მკითხველი და არც მთარგმენლი, რადგან codex-სს ზოგ შემთხვევაში არის Code-ის სინონიმი, რომელიც თავისთვად ნიშნავს: from Latin codex, meaning "block of wood split into tablets, document written on wood tablets," was first a set of laws. ასე რომ, ალბათ უკეთესი იქნება შეიცვალოს, რადგან კოდის დატოვების შემთხვევაში, ის გასაგები იქნება მხოლოდ ინგლისურის მცოდნეთათვის. ხოლო, მათთვის, ვინც არ იცის ეს ენა, სიტყვა კოდი ყოველთვის აღიქმება როგორც გაშიფვრასთან, საიდუმლოსთან და ა.შ. დაკავშირებული სიტყვა...

    არ მინდა თავს მოგახვიოთ ჩემი აზრი, მაგარმ ამ კომენტარის დაწერის წინ, მე ჩემი მოსაზრება ინგლისურის სპეციალისტთან და ქართულის ფილოლოგთან გადავამოწმე. დანარჩენი თქვენზეა :))

    პატივისცემით და სრული მხარდაჭერით...

    ReplyDelete
    Replies
    1. აბსოლუტურად გეთანხმებით, ინგლისური Code, ქართულად არ ნიშნავს კოდს, უფრო წესს ნიშნავს, მაგრამ შეიძლება ვუწოდოთ კოდექსიც.
      სამშენებლო წესები და ნორმები უფრო მისაღებია ვიდრე სამშენებლო კოდექსი.

      Delete
  14. დიდი მადლობა კონსტრუქციული შენიშვნისთვის :). ეს ტექსტი ჩვენი თარგმანილი არ არის, მაგრამ მის ავტოვტორებს აუცილებალად ვეტყვით ამის შესახებ.

    ReplyDelete
  15. კოდი და კოდესი ერთიდაიგივეა და გულისხმობს მაგ.: კანონების კრებულს ან წესების კრებულს
    გადმოთარგმნის დროს კოდი მხოლოდ საწყისი ეტაპისთვის დავტოვეთ. მივიჩნიეთ, რომ თავიდან ასე უკეთესი იქნებოდა აღსაქმელად.
    პატივისცემით ვაჟა კუხიანიძე

    ReplyDelete