Dec 8, 2010

საერთაშორისო სამშენებლო წესების ილუსტრირებული გზამკვლევის ქართული თარგმანი


საერთაშორისო სამშენებლო კოდი დარეგისტრირებულია საქართველოს სტანდარტად და მისი გამოყენება (არჩევის შემთხვევაში სავალდებულოა) შესაძლებელია საქართველოში ნებისმიერი საპროექტო თუ სამშენებლო ორგანიზაციის მიერ, როგორც ნორმა (კოდი).

საერთაშორისო სამშენებლო კოდის ილუსტრირებული გზამკვლევი არის სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტი, რომლის ამოცანაა დაინტერესებულ პირებს დაეხმაროს საერთაშორისო სამშენებლო კოდის აღქმაში .



საბჭოთა საქართველოში შენობა-ნაგებობებს სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი საპროექტო ორგანიზაციები აპროექტებდნენ; საბჭოთა კავშირის მასშტაბით ვრცელდებოდა სამშენებლო ნორმებისა და წესების ერთიანი კომპლექსური, სავალდებულო მოთხოვნები - „სნიპები“ (СНиП - Строительные нормы и правила). საბჭოთა მოდელის მიხედვით, პროექტირება-მშენებლობის სფეროში სახელმწიფო ერთადერთ სუბიექტს წარმოადგენდა. ამ მოდელის თანახმად, იგი თავად იყო დამკვეთი, დამპროექტებელი, მშენებელი, მაკონტროლებელი და, ასევე, უძრავი ქონების მფლობელი. გეგმიურად, წინასწარ განსაზღვრავდა მიზნებს, საშუალებებს და შემდეგ თავად ახორციელებდა მათ.

გეგმიური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკურ მოდელზე გადასვლა, სახელმწიფო საკუთრების გარდა, მრავალი მესაკუთრის გაჩენას გულისხმობს, რაც სათანადო ცვლილებებს მოითხოვს. თანამედროვე სახელმწიფოს როლი ამ მრავალსუბიექტიან პროცესში მართვა და მონიტორინგია, რაც გაცილებით მოქნილ და მოდერნიზებულ საკანონმდებლო ბაზას საჭიროებს. ეს გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროცესში უწყვეტ კონტროლს, ერთიანი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული ბაზის შექმნას არქიტექტორების, ინჟინრების, კონსტრუქტორების, მშენებლებისა და სფეროსთან მომიჯნავე სხვა დარგის სპეციალისტებისთვის.

სხვაობა საბჭოეთში მოქმედ ნორმებსა და საბაზრო ეკონომიკურ სივრცეში მოქმედ ნორმებს შორის თვალსაჩინოა მშენებლობა-პროექტირებაში. პირველ შემთხვევაში, როცა მშენებლობის სფეროში ერთადერთი მოქმედი სუბიექტი სახელმწიფოა, ნორმების განმსაზღვრელი ფაქტორი გათანაბრებული პირობების შექმნა და, ასევე, დანახარჯების (სახელმწიფო თანხის) თანაბრად და ეკონომიურად განკარგვაა. შესაბამისად, სახელმწიფო დირექტიულად, მითითებული ნორმებით განსაზღვრავდა სავალდებულო მინიმალურ და მაქსიმალურ პირობებს.

დასავლური ნორმების მიხედვით კი, ძირითადად, მინიმალური მოთხოვნები დაწესებული. რესურსების ეკონომიური და პრაგმატული გამოყენებისთვის სხვა, ნებისმიერი ფორმისა თუ მეთოდის გამოყენება შეუზღუდავია, რაც, თავის მხრივ, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, ტექნოლოგიურ განვითრებას უწყობს ხელს. მაგალითად: საბჭოთა ნორმით, სკოლებში დადგენილი იყო სასწავლო ზონისა და სპორტული ზონის სავალდებულო მანძილით დისტანცირება (სასწავლო პროცესის ხმაურისა და ყურადღების გადატანის ფაქტორისაგან დაცვის მიზნით). ანალოგიურ შემთხვევაში საერთაშორისო სამშენებლო კოდის (ამერიკაში მოქმედი კოდების სისტემის) მოთხოვნაა სასწავლო პროცესის ყოველმხრივი უზრუნველყოფა, მაგრამ არა სავალდებულო მანძილის განსაზღვრით, არამედ ნებისმიერი საშუალებით, იქნება ეს დისტანცირება თუ სხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტა (პროექტის ავტორი შეზღუდული არ არის).

საბ საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ ასეთი ხისტი მიდგომა არაკონკურენტული აღმოჩნდა საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნებს მორგებულ სხვა ნორმებთან შედარებით (საერთაშორისო კოდების საბჭო, ევროკოდები და ა.შ.).

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ „სნიპებს“ მოქმედების ვადა გაუგრძეა. მართალია, გაგრძელების სამართლებრივი საფუძველი დავის საგანი გახდა, მაგრამ ინერციით, ძირითადად მაინც, ნორმები გამოიყენებოდა. დღესაც პრაქტიკულ საქმიანობაში მეტწილად მათ ეყრდნობიან. დღეს საბჭოთა ნორმების სამართლებრივი სტატუსი შემდეგია: საბჭოთა ნორმების ძირითადი ნაწილი დარეგისტრირებულია საქართველოს სტანდარტად და მათი გამოყენება სავალდებულოა მხოლოდ არჩევის შემთხვევაში.

2006 წელს ამოქმედდა დადგენილება (საქართველოს მთავრობის დადგენილება საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და მოქმედების წესის შესახებ), რომლის მიხედვითაც შესაძლებელი გახდა მსოფლიოს ყველა განვითარებული ქვეყნის მოქმედი ნორმების გამოყენება. ამ კანონის მიზანი იყო, საქართველოში მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის უქონლობის გამო არ შეფერხებულიყო უცხოური ინვესტირება, მათ შორის, პროექტირება-მშენებლობაში. ეს არის გარდამავალი ეტაპი ერთიანი, სათანადო სამშენებლო ნორმების შექმნამდე. გაჭიანურებულმა პროცესმა პროექტირებისა და მშენებლობის დაბალი ხარისხი განაპირობა, რამაც ყველაზე მეტად მომხმარებლები დააზარალა.

დღეს საქართველოში არსებობს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა (მათ შორის ცალკეული ნორმებიც), მაგრამ ეს კანონმდებლობა დახვეწასა და განვითარებას საჭიროებს, მაგალითად, არ გვარდება ან ცუდად გვარდება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: გასასვლელი საშუალებები, მათ შორის ხანძარსაწინააღმდეგო მოთხოვნები, პროექტირება და მშენებლობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანთა მინიმალური მოთხოვნების გათვალისწინებით და სხვ. მნიშვნელოვანი საკითხები სახელმწიფოს ყურადღების მიღმა რჩება სამშენებლო ნებართვის გაცემის, მშენებლობისა და შემდგომი ექსპლუატაციის პროცესში.

სამწუხაროდ, საპროექტო ორგანიზაციების დიდი ნაწილი ხშირად იმ მინიმალურ მოთხოვნებსაც არ ითვალისწინებს, რომლებიც აუცილებელია შენობა-ნაგებობების სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის. ეს ორგანიზაციები, მეტწილად, მაშინ სარგებლობენ ნორმატიული ბაზით, როდესაც მათ საერთაშორისო დონის, კონკურენტუნარიანი პროდუქტის შექმნა უხდებათ.

არც უმაღლეს არქიტექტურულ და სამშენებლო სასწავლებლებში ეთმობა სათანადო ყურადღება სამშენებლო ნორმების შესწავლას, მათ სასწავლო პროგრამებში ჩართვას, შემდგომ პრაქტიკული დანიშნულებით გამოყენებას და სპეციალური უნარების ჩამოყალიბებას პროექტირების პროცესში.


1994 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაწყდა შეემუშავებინათ ერთიანი, საერთაშორისო ნორმების კრებული (International Code Council (ICC) მანამდე არსებული - რეგიონალური მოქმედების მქონე (აღმოსავლეთ სანაპიროზე მოქმედი (BOCA), სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მოქმედი (SBCCI) და დასავლეთ სანაპიროსა და ცენტრალურ ნაწილში მოქმედი (ICBO) კოდების ნაცვლად, უფრო ეფექტურად გამოსაყენებლად. პროფესიული წრეების ინტერესითა და ინტენსიური მუშაობის შედეგად (კერძოდ, ორგანიზაცია საერთაშორისო კოდების საბჭოში (ICC)) 2000 წელს გამოიცა საერთაშორისო კოდების საბჭოს კოდების პირველი რედაქცია.

საერთაშორისო კოდების საბჭოს კოდები არის ერთიანი სისტემა, რომელიც ყოველ სამ წელიწადში ერთხელ განახლებული სახით გამოდის.

საერთაშორისო კოდების საბჭოს კოდებია:

საერთაშორისო სამშენებლო კოდი (International Building Code);
საცხოვრებელის საერთაშორისო კოდი (International Residential Code);
საერთაშორისო სახანძრო კოდი (International Fire Code);
მილგაყვანილობის საერთაშორისო კოდი (International Plumbing Code);
საერთაშორისო მექანიკური კოდი (International Mechanical Code);
არსებული შენობების საერთაშორისო კოდი (International Existing Building Code);
საწვავი აირის საერთაშორისო კოდი (International Fuel Gas Code);
კერძო სარინებლის საერთაშორისო კოდი (International Private Sewage Disposal Code);
საკუთრების მოვლის საერთაშორისო კოდი (International Property Maintenance Code);
ენერგოდაზოგვის/ეფექტიანობის საერთაშორისო კოდი (International Energy Conservation Code);
ველური ბუნებისა და დასახლებული ტერიტორიის გამიჯვნის საერთაშორისო კოდი (International Wildland Urban Interface Code);
საერთაშორისო კოდების საბჭოს შესრულების კოდი (ICC Performance Code);
ზონირების საერთაშორისო კოდი (International Zoning Code);
საერთაშორისო მწვანე სამშენებლო კოდი (International Green Construction Code) შემუშავების პროცესშია.


საერთაშორისო სამშენებლო კოდის ილუსტრირებული გზამკვლევი

2010 წელს ქართულ ენაზე ითარგმნა საერთაშორისო სამშენებლო კოდის, 2006 წლის ამერიკული რედაქციის, ილუსტრირებული გზამკვლევის ნაწილი (3-15 თავები);


შემადგენელი საკითხები: 3. სარგებლობა და გამოყენება. 4. სპეციალური სარგებლობა და გამოყენება. 5. შენობის სიმაღლეები და ფართობები. 6. კონსტრუქციის ტიპები. 7. ცეცხლგამძლე კონსტრუქცია. 8. ინტერიერის მოპირკეთება. 9. ცეცხლისაგან დამცავი სისტემები, 10. გასასვლელი საშუალებები. 11. მისადგომობა. 12. ინტერიერის გარემო. 13. ენერგოეფექტიანობა. 14. ექსტერიერის კედლები. 15. აწყობილი სახურავები.



გზამკვლევი განკუთვნილია არქიტექტორების, კონსტრუქტორების, ინჟინრების, ტექნოლოგებისა და მშენებლებისთვის. იგი განსაკუთრებით მოსახერხებელია ამ სფეროში მოღვაწე დამწყები სპეციალისტებისა და სტუდენტებისთვის.