Aug 31, 2010

„ძველი თბილისი იდენტობა და სული“


ბრიტანეთის საბჭოს, გოეთეს ინსტიტუტის, ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატის, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრ “ისტორიალისა” და ICOMOS საქართველოს მიერ ორგანიზებული კონკურსისათვის - „ძველი თბილისის იდენტობა და სული“- შექმნილი პროექტი.


საკონკურსო ნამუშევარი


პროექტში ასახულია დამოკიდებულება თბილისის ისტორიულად ჩამოყალიბებული ურბანული ქსოვილისადმი - სივრცისადმი სადაც ადამიანი ყალიბდება ინდივიდად - საზოგადოება მრავალფეროვანია, ღია და თანაარსებადი.

სამუშაო ვარიანტები


http://www.facebook.com/pages/Old-Tbilisi-Identity-and-Spirit/337946047303?ref=search


Aug 1, 2010

მიწისზედა გადასასვლელი ხიდები - საზოგადებრივი სივრცის მოწყობის დისკრიმინაციული პოლიტიკა

როგორია სივრცე, რომელიც ჩვენს ირგვლივაა და განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურობას, სივრცე რომელიც გარკვეულწილად განაპირობებს ჩვენს ფსიქოლოგიურ, განწყობით და ემოციურ დამოკიდებულებებს? როგორია გარემო, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ეკუთვნის, რომელზეც თითოეული ჩვენგანი პასუხს აგებს და ამდენად ჩვენივე ანარეკლია. რა პასუხისმგებლობა გვაკისრია ურბანულ გარემოზე და როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ჩვენი ჯგუფი იწყებს პროექტს ამ გარემოს ერთ ნაწილში, საზოგადოებრივ სივრცეში არსებული პრობლემების გასაანალიზებლად და კონკრეტული მაგალითების საფუძველზე იმ თემების წინ წამოსაწევად, რომლებიც ქალაქში ადამიანთა მობილობას, სარეკრეაციო ზონებს, სატრანსპორტო პრობლემებს და ამ სივრცესთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს შეეხებიან. ასეთი სამუშაო წინაპირობა უნდა იყოს შემდგომ ჩასატარებელი კონკრეტული ღონისძიებების დასაგეგმად.

2009 - 2010 წლებში თბილისში დაახლოებით 25 ლითონის მსუბუქი კონსტრუქციის საფეხმავლო ხიდი აიგო, რომელთაც უსაფრთხო მიწისზედა კავშირის ფუნქცია აკისრიათ.




თავდაპირველად, როდესაც ამ ხიდების ქალაქში დამონტაჟდება დაიწყო გაჩნდა მოსაზრება, რომ ისინი დროებითი ნაგებობებია. ამასობაში კი მათი რიცხვი სულ უფრო იზრდება. ხიდების სიახლოვეს არსებული შუქნიშნების ნაწილი და მიწისზედა გადასასვლელები გაუქმდა. ნამდვილად მისასალმებელია მუნიციპალიტეტის მცდელობა გაიმართოს ქალაქში ტრანსპორტით მიმოსვლა, მაგრამ ეს პრობლემა ძირითადად ქვეითად მოსიარულეთა ხარჯზე, მათი უფლებების უხეში დარღვევით არ უნდა გვარდებოდეს.

6 მ. სიმაღლის ხიდზე მოხვედრა მხოლოდ კიბის საშუალებით შეიძლება, რომელსაც არც პანდუსები აქვს, არც ლიფტი და მათი მონტაჟი უახლოეს მომავალშიც არ იგეგმება [1]. იოლი მისახვედრია, რომ ხიდებით ექსპლუატაციას ვერ შეძლებენ ხანდაზმულები, მშობლები საბავშვო ეტლებით, ადამიანები ბარგით და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები. [2]
სატრანსპორტო პრობლემის მოგვარების აღნიშნული მეთოდი ფეხით მოსიარულეთა ნაწილისათვის დიდ დაბრკოლებად იქცა. მუნიციპალიტეტის ამგვარ მიდგომაში კარგად ჩანს სამანქანო ტრანსპორტზე ორიენტირებული საქალაქო მიმოსვლის პოლიტიკა, რომელიც ქალაქში კიდევ უფრო მოუხერხებელი, დაბრკოლოებებით სავსე საზოგადოებრივი სივრცეების გაჩენას გულისხმობს. ეს პოლიტიკა მძღოლების კომფორტზეა გათვლილი. შუქნიშნებისა და გადასასვლელების გაუქმებით იზრდება შეუფერხებელი სამანქანო მოძრაობა, ე.ი. გამზირების მაღალი გამტარობა სიჩქარეების ზრდითაა უზრუნველყოფილი [3].

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ტროტუარებზე ხიდის საყრდენი კონსტრუქციების დამონტაჟებით შემცირდა ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი სივრცეც. ეს ყველაფერი თბილისის მოსახლეობას, ქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის სახით, ყოველწლიურად 3 000 000-მდე ლარი უჯდება.მსგავსი დამოკიდებულება, სატრანსპორტო პრობლემის მოგვარების მოკლევადიანი ხედვაა. ეს მიდგომა საკუთარ თავში ჩაკეტილ წრეს გულისხმობს. რაც უფრო რთული ხდება ქალაქში ფეხით გადაადგილება, მით მეტი მოქალაქე ცდილობს მაქანით იმოძრაოს, თუნდაც მოკლე დისტანციებზე. იმატებს ავტომობილების რაოდენობა და საბოლოოდ ქალაქი პრობლემების საწყის წერტილში ბრუნდება. საკითხის გადაწყვეტა მეთოდოლოგიისა და არსებული მიდგომის შეცვლას შეუძლია, რაც გამომწვევი მიზეზების კვლევაზე იქნება დაფუძნებული.

სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებისათვის თბილისის ქუჩებში გადაადგილება ხიდების გარეშეც საკმაოდ რთულია. ტროტუარებზე ნებადართული პარკირება, შენობების პირველ სართულებზე განთავსებული მაღაზიებისა თუ სხვა დანიშნულების საზოგადოებრივი დაწესებულებების კიბეებიანი შესასვლელები, ქუჩათა გადაკვეთებზე შექმნილი მოუხერხებელი გადასასვლელები, უხარისხოდ დაგებული ქვაფენილი თუ ასფალტი, ყველაფერი ეს შეუძლებელს ხდის ამ მოქალაქეების გადაადგილებას და ამიტომაც არის, რომ მათ ძალიან იშვიათად თუ შეხვდებით ქუჩაში.

თბილისიური ქუჩა ნამდვილ დაბრკოლებად იქცა ფეხით მოსიაულეთა დიდი ნაწილისათვის, მსგავსი მიდგომა კი მთლიანად ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობის დასავლურ კონცეფციებს.


ის გზა, რომელსაც მუნიციპალიტეტი პრობლემის მოსაგვარებლად ირჩევს სეგრეგაციის იდეას უკვშირდება, რომელსაც ლე კორბუზიეს (Le Corbusier) ურბანულ ხედვამდე მივყავართ. ამ იდეებს საბჭოეთშიც ფართოდ უჭერდნენ მხარს. სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო და საფეხმავლო სივრცეების ერთმანეთისაგან გამიჯვნის იდეა (სადაც უპირატესობა საავტომობილო ტრანსპორტს ენიჭება) დიდი ხანია უარყოფილია განვითარებულ სამყაროში.

საქალაქო მოძრაობის ორგანიზების თანამედროვე მიდგომები ამ იდეისგან რადიკალურად განსხვავდება. მათ შორის განსაკუთრებით საინტერესოა ზიარი სივრცის (Shared Cpase) კონცეფცია, რომელიც ევროპის ნაწილსა და ჩრდილოეთ ამერიკაში, 2000 წლიდან მოყოლებული იკიდებს ფეხს. ეს მეთოდი სეგრეგაციის პრინციპების საწინააღმდეგო მიდგომას გულისხმობს. მის საფუძველში ინტეგრაციის კონცეფცია დევს და ეწინააღმდეგება იდეას, ურბანულ ლანდშაფტში ერთმანეთისაგან გამოაცალკევოს სხვადასხვა ფუნქციები და მომხმარებლები. ეს კონცეფცია იძლევა ახალ შესაძლებლობებს მეტად ინკლუზიური და ადვილად მისადგომი ურბანული გარემოს შესაქმნელად. კონკრეტული სქემების დამუშვების პროცესში მოქალაქეები არიან ჩართული, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებიც [ 4].


ევროპაში ასევე დიდ ყურადღებას უთმობენ ამ მიმართულებით არქიტექტორებისა თუ ურბანისტების პროფესიულ განვითარებას. მაგალითად, 2003 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად იმართება შინდლერის საერთაშორისო სტუდენტური კონკურსი დევიზით „მისასვლელი ყველასთვის“ (Access For All). ეს კონკურსი მიზნად ისახავს ისეთი იდეების გენერირებას, რომლებიც უზრუნველყოფენ თითოეული მოქალაქის სრულ მობილურობას ურბანულ გარემოში, ადვილ მისასვლელებს ქალაქის ნებისმიერ წერტილში მიუხედავად მათი ასაკისა და ფიზიკური შესაძლებლობებისა. ასევე მიზნად ისახავს არქიტექტურული სკოლების წაქეზებას, რათა მათ თავიანთ სასწავლო პროგრამებში სათანადო ყურადღება დაუთმონ შეუფერხებელი მობილობის მნიშვნელობის გაცნობიერებას და „დაარწმუნონ სტუდენტები, რომ არქიტექტურა პირველ რიგში და უპირატესად ნიშნავს ქმნიდე ხალხისთვის“ [ 5].
2010 წლის ივლისის დასაწყისში ჩვენ განვახორციელეთ პროექტი, სადაც შევეცადეთ გამოგვეხატა ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. საფეხმავლო ხიდების ასასვლელებში დავამაგრეთ ტრაფარეტები, რომელიც „აფრთხილებდნენ“ გადამსვლელს, რომ ხიდები არ არის განკუთვნილი განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისათვის, მშობლებისათვის საბავშვო ეტლებით და ხანდაზმული ადამინაბისათვის. ჩვენი მიზანი იყო გამვლელების ყურადღება მიგვექცია ჩვენს საქმიანობაზე; თვალსაჩინო ილუსტრირების გზით მოქალაქეების ყურადღება გაგვემახვლებინა ხიდების დისკრიმინაციულ ფუნქციაზე.

ამ „ამკრძალავმა ნიშანმა“ გამოიწვია უარყოფითი რეაქცია, აგრესია. ნიშნებმა უმეტესწილად დაახლოებით ერთი კვირა იარსება გადასასვლელებზე. საბოლოოდ ტრაფარეტები ან ჩამოგლეჯილი, ან მთლიანად მოხსნილი იყო.

_____________________________________________________________
1.http://www.ambebi.ge/ekonomika/16082-ra-ujdeba-qalaqis-biujets-gadasasvleli-khidebi.html
2.გადასასვლელ ხიდებზე დაკვირვებისას აღმოვაჩინეთ, რომ გურამიშვილის გამზირზე შეეცადნენ ამ პრობლემის მოგვარბას. კიბის მარშებზე რელსებია მიმაგრებული, რომელიც მხოლოდ საბავშვო ეტლის გადასაადგილებლად თუ გამოდგება. ამ რელსების პარამეტრები არ ემთხვევა ინვალიდის ეტლისათვის განკუთვნილი რელსისა თუ პანდუსის ნორმას.
3. http://networkedblogs.com/5Ls4c
4. http://www.hamilton-baillie.co.uk/_files/_publications/6-1.pdf
5. http://www.schindleraward.com/